„რეზონანსი" - მევახშეები ხალხის ქონების მითვისებას ახალი ძალით დაიწყებენ

კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული ქონების წილი 55%-ს აღწევს და წლის ბოლოსთვის ეს მონაცემი რადიკალურად შეიცვლება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მათი წილი უფრო მეტად გაიზრდება, რადგან მოსახლეობა დაუდასტურებელი შემოსავლის შემთხვევაში სესხს ბანკისაგან ვეღარ იღებს და იძულებულია, კერძო პირებს მიმართოს, რომლებიც კაბალურ პირობებს უყენებენ ისედაც რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს.

საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობისათვის ფულის მიწოდება შეიზღუდა, თუმცა არ შემცირებულა მოთხოვნა. სწორედ ამიტომ ხალხი კერძო გამსესხებლებს, ე. წ. მევახშეებს მიმართავს. ეს სექტორი კი ყოველთვის პრობლემა იყო ფინანსური ბაზრისათვის და დასაკუთრებული ქონების ყველაზე დიდი წილიც მათზე მოდის. გაზრდილი მიმართვის პირობებში, მეტად სავარაუდოა, რომ გაიზრდება მსესხებელთათვის წართმეული ქონებაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2015 წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონება 1410 იყო, საიდანაც კომერციულ ბანკებზე 387 (27.4%) მოდიოდა. 225 შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც საერთო რაოდენობის 16%-ია, 720 შემთხვევაში კი კრედიტორები მევახშეები იყვნენ, რაც მთლიანი რაოდენობის 51.1%-ია. თითქმის ანალოგიური სურათია 2016 წელსაც, იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება, წინა წელთან შედარებით, 359-ით (25.5%) გაიზარდა და 1769 შეადგინა. დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი - 55% ფიზიკურ პირებზე, ე. წ. „მევახშეებზე" მოდიოდა, შედარებით მცირე იყო ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი – 26% და 19%. ზოგადი სტატისტიკა არ შეცვლილა 2017 წელსაც.

ციფრებიდან ნათლად ჩანს, რომ მოსახლეობისათვის ყველაზე დიდი პრობლემა კერძო გამსესხებლებთან დაგროვებული ჭარბი ვალია. 1-ლი იანვრიდან, ბანკებსა და მიკროსაფინანსოებთან ერთად, ცვლილება კერძო გამსესხებლებსაც შეეხოთ. ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს საკრედიტო ვალდებულება, ეროვნული ბანკის რეგულირებას დაექვემდებარნენ და რეგისტრაციისათვის 10 000 ლარი უნდა გადაიხადონ, თუმცა კონტროლი რომ ურთულესი იქნება, ამაზე ყველა თანხმდება.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ მევახშეთა ნაწილმა უკვე შეიმუშავა რამდენიმე სქემა, რომელთა მეშვეობითაც თანხის დაბრუნებამდე მსესხებლის ქონებას თავად იფორმებენ. ამიტომ ახლა მთავარი ამოცანა მოსახლეობის ინფორმირება უნდა იყოს, თუ ვისგან და რა პირობებით დათანხმდნენ სესხის მიღებას.

„ყოველწლიურად მიმოიხილავს ჩვენი ორგანიზაცია აუქციონის შედეგად მსესხებელთა დასაკუთრებულ ქონებას, სადაც ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი წილი გასხვისების კერძო მევახშეების მოთხონის საფუძველზე მოდის და ყოველწლიურად 55-65%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ნათლად მიუთითებს, რომ მოსახლეობიდან ყოველთვის მაღალია კერძო გამსესხებლებზე მოთხოვნა.

წელს, საბანკო რეგულაციასთან ერთად, მევახშეთა სეგმენტსაც შეეხო სესხის გაცემის გართულების ვალდებულება. მოსახლეობას უნდა მიეწოდოს გადამოწმებული და სწორი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ ფიზიკური პირის სტატუსი. მათ სჭირდებათ ინფორმაცია, რამდენად ლეგალურად მუშაობს გამსესხებელი. ასეთი ორგანო ეროვნული ბანკია.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ გამოჩნდა არაერთი თაღლითური დაჯგუფება თუ ფიზიკური პირი, რომლებიც სხვადასხვა შეთავაზებით ცდილობენ, გვერდი აუარონ რეგულაციას, რაც მომხმარებელს კაბალურ პირობებში აყენებს. მაგალითად, ერთი ასეთი მეთოდია უძრავი ქონების საწყის ეტაპზევე კრედიტორისთვის გადაფორმება, სანამ სესხს დააბრუნებენ.

ხალხის ინფორმირება ახლა მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. რასაკვირველია, გაიზრდება მევახშეებისათვის მიმართვა იმ ფონზე, როცა ბანკი სესხის გასაცემად შემოსავლის დადასტურებას ითხოვს, თუმცა ამ სტატისტიკის გაზომვა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი", - აცხადებს „რეზონანსთან" ალიბეგაშვილი.

როგორც ჩანს, მევახშეებისა და მიწისქვეშეთის დრო დადგა. ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას - ასე აფასებს არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის დამფუძნებელი გივი კორინთელი იმ რეგულაციას, რომელიც იანვრიდან სრულად შევიდა ძალაში.

„არავინ დავობს იმაზე, რომ საბანკო რეგულაცია ადრე თუ გვიან მისაღები იყო, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. აუცილებელი იყო სხვა ბიზნეს სტრუქტურების აზრის გათვალისწინება, მათი რისკების შესწავლა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერ ამას ვიღაც გადაახტა და ასე ხისტად მიიღო რეგულაცია", - აღნიშნავს კორინთელი, რომლის აზრითაც, მოსამზადებლად გონივრული ვადა დაახლოებით 2 წელი იქნებოდა.

„მიზანი მიღწეულია – ფულის ყველა არხის მოსპობა და ამ არხების ტოტალური მართვა. მიკროსაფინანსოების დემონიზაცია და ბაზრიდან გახვეტა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ძალიან მალე აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ახლა ებრძოლეთ მევახშეებს ნოტარიუსებთან ყიდვა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას. მევახშეებისა და მიწისქვეშეთის დრო დადგა", - აღნიშნავს კორინთელი.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"