საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის. კერძოდ, სხვადასხვა რეგიონში სოფლის მეურნეობის ფასების შესახებ მონაცემების შეგროვების შემდეგ, მათი მიღება სპეციალური ონლაინ პლატფორმით მოხდება, რომლის საშულებითაც ბაზარზე არსებული ფასები ავტომატურად სამინისტროს სერვერზე აიტვირთება.
East Fruit წერს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მონიტორინგის სისტემის დახვეწა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, FAO-სთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. როგორც FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში განაცხადა, აღნიშნული სისტემა ხელს შეუწყობს მონიტორინგის პროცესს და ამასთან, მაქსიმალურად შეამცირებს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას.
ფასების მონიტორინგის სისტემა საქართველოს ხელისუფლებამ, ENPARD-სთან ერთად, 2015 წელს ჩამოაყალიბა.
ამჟამად მონიტორინგი ხორციელდება 59 მუნიციპალიტეტში და მოიცავს 100-ზე მეტ სასოფლო სამეურნეო პროდუქტს.
საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების თანამშრომლები ფასების შესახებ ინფორმაციას დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ყოველკვირეულად აგროვებენ და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, მათი შემდგომი გადამუშავებისა და გაანალიზების მიზნით აწვდიან.