საავტომობილო ბაზარი შესაძლოა, გლობალური რეცესიის მიზეზი გახდეს

„მსოფლიოს სიყვარული ავტომობილებისადმი მუდმივად იკლებს, ეს კი შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს“, - ასე ფიქრობენ HSBC-ის ანალიტიკოსები.

ანალიტიკოსებმა შეადგინეს გრაფიკა, სადაც ერთმანეთს ამერიკის ბაზარზე ახალი ავტომობილების რეგისტრაციისა და საცალო გაყიდვების მონაცემები შეადარეს.

„აშშ-ის ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ავტომობილებზე მოთხოვნა იკლებს, ადამიანებმა დაიწყეს არჩევანის გაკეთება ეკოლოგიური მიმართულებით და სულ უფრო ხშირად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს“ , - აცხადებენ ეკონომისტები ჯანეტ ჰენრი და ჯეიმს პომპეი.

„მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ადამიანები სულ უფრო ხშირად სარგებლობენ ერთიანი მგზავრობის სისტემით, რომელსაც მაგალითად სთავაზობს კლიენტებს Uber“ - დასძენენ ექსპერტები.

ეს არ ეხება მხოლოდ შტატებს. ავტოწარმოება ასევე მცირდება ევროპაშიც.

  • Honda-მ გამოაცხადა, რომ ხურავს ქარხანას დიდ ბრიტანეთში
  • Honda ასევ ხურავს ქარხანას თურქეთში
  • Nissan არ აპირებს ქროსოვერ X-Trail-ის წარმოებას ინგლისში
  • General Motors-მა მსოფლიოს მასშტაბით 7 ქარხნის დახურვის შესახებ გამოაცხადა, შედეგად სამსახურს დაკარგავს 14 ათასი დასაქმებული.
  • Ford ამცირებს ოპერაციებს ევროპაში, შედეგად ამცირებს შტატს 1000 თანამშრომელზე.
  • Jaguar Land Rover-მა 5 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებაზე გამოაცხადა

ექსპერტები საუბრობენ ასევე მსოფლიო ვაჭრობის შემცირების ტენდენციაზე, რომელიც გამოწვეულია აშშ-ჩინეთსა და დიდი ბრიტანეთი-ევროკავშირს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობით. მათი თქმით, ეს პირველ რიგში სამუშაო ადგილებს დაარტყამს.

თუმცა ანალიტიკოსებს ოპტიმისტური განწყობა აქვთ და აცხადებენ, რომ სამრეწველო სექტორში ვარდნა ძირითადად რამდენიმე კვარტალს გრძელდება და შემდეგ ისევ აღმავლობის გზას ადგას. მათივე თქმით, იმ პირობებში, როცა სამრეწველო პროცესი იკლებს, სამომხმარებლო სექტორის წილი იზრდება.

კოკა კვირკველია