თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების მიერ, თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულია მოქალაქე მამუკა მაჭარაშვილი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ მამუკა მაჭარაშვილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ირანელი ინვესტორის, მანოუჩეჰრ ბაგჰერის წარმომადგენელს რევაზ ნოდიას, რომელსაც თითქოსდა თბილისის მერიაში არქიტექტურული პროექტის დამტკიცების დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვა 17 000 ლარი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.