საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მოიწონა.
სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ IGF-ში გაწევრიანების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, თვალი ადევნონ წიაღის სექტორში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს და გამოცდილების გაზიარების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
სამინისტროს ინფორმაციით, სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში გაწევრიანებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ყოველწლიურ შეხვედრებში, ასევე რეგიონულ ღონისძიებებსა და ფორუმებში, ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით ისარგებლოს შემოთავაზებული ტექნიკური დახმარებით, შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამებით და მიიღოს გაერთიანების მხარდაჭერა შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩოს დანერგვის კუთხით. IGF-ი დაფუძნებულია ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და წევრ სახელმწიფოებს არ ეკისრებათ არავითარი იურიდიული, სახელშეკრულებო ან ფინანსური ვალდებულება.
წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან იმისთვის, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც (I ფაზა - პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება) შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ (ADAM SMITH INTERNATIONAL), რეფორმის განხორციელების პროცესში საქართველოს მიეცა რეკომენდაცია სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში (IGF) გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გასულ წელს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში გამართულ IGF-ის 14-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა არსებული პლატფორმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები.