19 თებერვალს ლეგენდარული დიზაინერი, Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ვის დარჩება 85 წლის დიზაინერის 400 მილიონ ევროდ შეფასებული ქონება. ამ ქონების მემკვიდრეები კი სავარაუდოდ, დიზაინერის ბირმული კატა შუპეტი და 11 წლის ნათლული ჰადსონ კროენიგი გახდებიან.
შუპეტი, რომელიც უამრავ რეკლამაში გადაიღეს, ლაგერფილდს განსაკუთრებულად უყვარდა.
"ის ჩემი სამყაროს ცენტრია, მის მოძრაობაში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავ. მისი ელეგანტურობა ჩემი შთაგონების წყაროა" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში დიზაინერი საყვარელი კატის შესახებ.
მიუხედავად შუპეტის სიყვარულისა, ლაგერფილდის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრედ მაინც 11 წლის ჰადსონს მიიჩნევენ. საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, ლაგერფილდს არ ჰქონდა უფლება მთელი ქონება ცხოველისთვის დაეტოვებინა. ჰადსონისთვის მემკვიდრეობის დატოვების შემთხვევაში კი ის ვერ განკარგავს ქონებას, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.ჰადსონი, ცნობილი მოდელის და ლაგერფილდის მუზის - ბრედ კროენიგის შვილია. როგორც ამბობენ, ლაგერფილდი პატარა ჰადსონში საკუთარ თავს ხედავდა.
უცხოური გამოცემების მიხედვით, სწორედ ლაგერფილდის წყალობით მიაღწია ბრედ კროენიგმა წარმატებას. დიზაინერს სურდა ოჯახი ჰყოლოდა და განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ბრედს და მის მეუღლეს ნიკოლს, ხოლო მას შემდეგ, რაც პატარა ჰადსონი დაიბადა, ლაგერფილდს შესთავაზეს რომ ის გამხდარიყო ბიჭის ნათლია.