საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება.
ბოლო მონაცემით, 1 ბარელის ღირებულება 67 დოლარია, რაც ბოლო სამი თვის მაქსიმუმია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქართველოში გაძვირება ჯერჯერობით მხოლოდ საბითუმო ქსელში აისახა. მალე მცირედით, თუმცა ფასის მატებას უნდა ველოდოთ საცალო ქსელშიც.
2018 წლის დეკემბერში, საწვავის ფასის ტოტალური კლების შემდეგ, ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე კვლავ იზრდება. 54 დოლარამდე ჩამოსული შავი ოქრო ახლა უკვე 67 დოლარი ღირს. ტენდენცია ნამდვილად არასახარბიელოა, მით უფრო, რომ უკვე დაიწყეს საუბარი საწვავის გაძვირებაზე.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საწვავის ფასის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, რადგან ფასის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელი პოლიტიკური მოვლენებია, რამაც გავლენა იქონია საწვავის ბოლოდროინდელ გაძვირებაზეც.
„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნავთობის ფასი თითქმის არასდროს ამართლებს გავრცელებულ პროგნოზებს და არც ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების ანალიზი სრულდება. მიზეზი კი ის არის, რომ, ეკონომიკური და რეალური ფაქტორების გარდა, ნავთობის ფასს დიდწილად პოლიტიკური მდგენელები განსაზღვრავს.
ბოლო პერიოდშიც გაძვირების ძირითადი ფაქტორი ორი ძირითადი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის - ვენესუელისა და ირანის მიმართ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებია. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ვენესუელაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური კრიზისი. ამერიკამ ყველანაირი გადარიცხვა აკრძალა, მათ შორის გაზისა და ნავთობის სფეროში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია „ოპეკისა" და „ოპეკი პლუსის" შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბოლო კვარტალური ანგარიშით, კიდევ შემცირდა ნავთობის მოპოვება. ძირითადად ამ ფაქტორების გავლენითაა ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მაქსიმუმზე", - აცხადებს მთვრალაშვილი.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ასევე, აღნიშნავს, რომ საბითუმო ბაზარზე უკვე შეინიშნება ნავთობპროდუქტების გაძვირება, თუმცა აისახება თუ არა ეს ბენზინის ფასზე ბრენდულ გასამართ სადგურებზე, პროგნოზი ჯერაც ნაადრევია.
„ცხადია, ნედლ ნავთობზე გაზრდილი ფასი ზრდის ფასს ჩვენთან იმპორტიებულ ნავთობპროდუქტებზეც. კერძოდ, მატების ტენდენციაა „პლატცზე", რომლის ნიხრითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ საბითუმო ბაზარზეც ფასი მომატებულია, თუმცა მცირედით.
სამომავლო პროგნოზები თითქმის შეუძლებელია, იანვრის შემდეგ ფასის დინამიკა ზევით მიდის, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ საბითუმო ქსელზე აისახა საქართველოში. რაც შეეხება საცალო ბაზარს, ბრენდირებულმა კომპანიებმა, პირიქით, 6 თეთრით გააიაფეს კიდეც საწვავი.
მარაგის შევსება, ნავთობპროდუქტების იმპორტი მუდმივი პროცესია და, რასაკვირველია, ძვირად ნაყიდი ძვირად გაიყიდება, ფასი ვერ იქნება სტაბილური. სამომავლოდ ადგილობრივი ბაზრის პროგნოზი ჯერ კიდევ ნაადრევია", - აცხადებს „რეზონანსთან" მთვრალაშვილი.
როგორც წესი, მსოფლიო ბაზრის ტენდენცია სრულად არ აისახება ქართულ ბაზარზე. დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე ფასი 30%-ით იყო დაკლებული, ჩვენთან ადგილობრივ ბაზარზე კი 7 თეთრითაც არ შემცირებულა.
„ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ადასტურებს, რომ შიგა ბაზრის პროგნოზირება შეუძლებელია, მსოფლიო ბაზარზე კი 65-დოლარიან ნიშნულზე დიდი ხნით გადაცდენა მოსალოდნელი არ არის.
„მსოფლიო ბაზარზე ფასმა ნამდვილად აიწია, რაც არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ თებერვალ-მარტში ნედლი ნავთობის ფასი 60-66 დოლარის ფარგლებში იქნებოდა. სავარაუდოა, რომ მარტის ბოლომდე ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი რყევა მოსალოდნელი არ არის.
აქ ისევ თამაშობს ამერიკა-ირანის ურთიერთობა. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მარტში გადასაწყვეტი საკითხი – ჩინეთისა და ამერიკის სავაჭრო ომის დეტალები. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩინეთს არ დაუწესოს სანქციები. ამის შემდეგ კი უფრო მეტად სავარაუდოა შავი ოქროს გაძვირება, როცა ის დაიწყებს დიდი პარტიების შესყიდვას. სხვა რაიმე დიდი ფაქტორი ამ ეტაპზე არ მოქმედებს. რამდენიმე თვის წინ 88-დოლარიანი ნიშნული იყო, რასაც აღარ უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ, რომ არსებობს როგორც საბანკო, ისე ნავთობის ოლიგოპოლია. არის 6-7 მსხვილი იმპორტიორი, რომლებიც ფასს ერთმანეთთან ათანხმებენ და ასე ყიდიან, თორემ ნავთობის ფასი 2 ლარამდე უნდა დასულიყო ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, თუმცა სისტემამ ამის საშუალება არ მისცა.
ახლა ნამდვილად არსებობს საიმისო მარაგი, რომ კარგა ხანს არ მოხდეს მატება, რადგან თავის დროზე იაფად აქვთ შესყიდული საწვავი. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და ადეკვატურად არ აისახა მსოფლიო ფასები ქართულ ბაზარზე.
იმ შემთხვევაში, თუ 2-3 კვირა მაინც შენარჩუნდა 60-დოლარიანი ნიშნული, ცოტას აუცილებლად მოუმატებენ. ამ კუთხით კონკურენციის სააგენტო წესიერად რომ მუშაობდეს, რომელიც აბსოლუტურად უმოქმედოა, ბაზარზე გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნებოდა.
ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი კვლავ მატულობს საქართველოში. გაძვირდა კომერციული გაზი, რაც 7-8 მარტს უკვე სრულად აისახება ბაზარზე და სხვადასხვა პროდუქტის ფასსაც შეეტყობა", - განუცხადა „რეზონანსს" შენგელიამ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"