„ცხენის ხორცი საქართველოში უკრაინიდან ტრაილერებით შემოდის “ - ამის შესახებ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორი არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორიც გამოავლინა.
„მე მომივიდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე რეგიონიდან საბაჟოს გავლით ტრაილერებით შემოდის ცხენის ხორცი. ამაზე განცხადება ვერ გავაკეთე, რადგან დაუდასტურებელი ინფორმაცია იყო მოძიების სტადიაში ვიყავი. თუმცა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმუშავა და აღმოაჩინა ასეთი ფაქტი. მათ მიაგნეს იმ შემომტანს, კერძოდ, ასეთი იყო ორი არაკეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორი, რომელსაც ცხენის ხორცი უკრაინიდან შემოჰქონდა. არ უთითებდა რომ ეს იყო ცხენის ხორცი და ყიდდა როგორც საქონლისას,“-აღნიშნა კოიძემ.
ცნობისთვის, დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. მათ შორის ცხენის ხორციც გამოვლინდა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ბაღებში დაფიქსირდა ცხენის ხორცის გამოვლენის ფაქტები. კერძოდ, ასეთი 4 შემთხვევა იყო რეგიონებში.
ცნობისთვის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხის კიდევ უფრო გამკაცრდება და დარღვევების შემთხვევაში კომპანიისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაეკისრება იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონის გამკაცრების მიზეზი - რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის; ნედლი რძის ნაცვლად კი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტების აღმოჩენა გახდა.