კომერციული ბანკების მოგება შემცირდა

2019 წლის იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 67,755 მლნ ლარი შეადგინა, რაც 792 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 68,547 მლნ ლარი იყო. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში, ბანკების შემოსავლებმა 352,007 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 276,926 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 2019 წლის იანვარში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,794 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 25,716 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 27,503 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა თვეში ბანკებმა 2,746 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 914,718,028 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი