მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებაზე შესაძლოა, გარდამავალი ეტაპები დაუწესდეთ

„მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულება 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა მონაცემები ამ დრომდე არ წარუდგენიათ,“ - ამის შესახებ აუდიტორული კომპანიის, BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, გამოიკვეთა, რომ კომპანიებს საკუთარი შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გასაჯაროვება გარკვეულ დისკომფორტს უქმნით.

„ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული კანონისა და რეგულაციის შესახებ ინფორმაციას თითქმის 2 წლის წინ გავრცელდა და ის ეტაპობრივად, შეეხო სხვადასხვა ზომის კომპანიებს. წელს პირველ ოქტომბრამდე აქვთ ვადა მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებს, რომ წარადგინონ თავიანთი ფინანსური ინფორმაცია და ფინანსური ანგარიშგება შესაბამის სამსახურში. თუმცა, დღესდღეობით გვაქვს სურათი, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილი არ აქვთ.

ამის მიზეზი, რაც უკვე გამოიკვეთა, არის შემდეგი - ძალიან ბევრს აქვს დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ფინანსური ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს. ამასთან დაკავშირებით და ცნობადობის ამაღლების მიმართულებით ზედამხედველობის სამსახურს ალბათ, მეტი მუშაობა სჭირდება. მართალია, საბოლოო ვადა პირველ ოქტომბრამდეა, თუმცა ეს არც ისე დიდი დროა“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

მისივე განმარტებით, არსებობს მოსაზრება, რომ მესამე და მეოთხე ზომითი კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შესაძლოა, გარდამავალი ეტაპები დაწესდეს. მისივე თქმით, ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროვება და გამჭვირვალობა თავად კომპანიას მნიშვნელოვნად ეხმარება.

ცნობისათვის, კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ბიზნესის ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები შემოსავლის, აქტივებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი.

ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწიათ. 1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.

სავალდებულო აუდიტს ასევე ექვემდებარება საზოგადოებრივი დაინტერესების პირები (სდპ) და ისინიც ვალდებულნი იყვნენ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე სამსახურისთვის აუდირებული ანგარიშგებები წარედგინა. სდპ-ს მიეკუთვნება - კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საინვესტიციო ფონდი, საკრედიტო კავშირი და ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია.

რაც შეეხება მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებს, მათ ფინანსური ანგარიშგება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. მესამე კატეგორიაში ხვდებიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. მეოთხე კატეგორიაში კი ხვდებიან კომპანიები, რომლების აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ს არ აღემატება.

ქრისტინე გამთენაძე