მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტის 30,6% სამომხმარებლო, 27,2% კი ლომბარდულ სესხებზე მოდის.
მისო-ების 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, კომპანიებმა ჯამში 1,101 მლრდ ლარის მოცულობის სესხი გასცეს, საიდანაც ყველაზე მეტი - 337,1 მლნ ლარი იყო სამომხმარებლო სესხი. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა 299,8 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 187,1 მლნ ლარით დააკრედიტეს.
გაცემული სესხების მოცულობით მეოთხე ადგილზეა ონლაინ სესხები, კერძოდ, 2018 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ებმა 215 788 ონლაინ სესხი გასცეს, ჯამში 105,2 მლნ ლარის. სანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსოების მიერ ყველაზე მცირე თანხა განვადებაზე გაიცა - სულ 32,2 მლნ ლარის მოცულობის 61 018 სესხი.
საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსოების მიერ სულ 786 117 სესხი გაიცა, ჯამში 1,101 მლრდ ლარის. აქედან მისო-ებმა ფიზიკურ პირებზე გასცეს 1,080 მლრდ ლარის 785 239 კრედიტი, იურიდიულ პირებზე კი 21,2 მლნ ლარის 878 სესხი.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით ბაზარზე 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.