სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია მარტის ნაცვლად, სექტემბერში ამოქმედდება. 6 თვით გადავადების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, ბიზნეს სექტორის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას და მის წევრ კომპანიებს, რეგულაციასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ და კანონში, რიგი საკითხების დაზუსტებას ითხოვდნენ. ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას თქმით, გარდამავალ პერიოდში კომპანიები მოემზადებიან, რათა სექტემბრიდან სრულად დააკმაყოფილონ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
ცნობისთვის, ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები, მომხმარებლებისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე გამოქვეყნებული აქვს. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია. კერძოდ კი, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო ხდება, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევაში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის. ამასთან, ეტიკეტზე დატანილი იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.