ვლადიმერ პუტინი : რუსეთი მშვიდად უნდა შეხვდეს აშშ-ის სანქციებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მშვიდად და აურზაურის გარეშე უნდა შეხვდეს აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.

ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მისივე თქმით, ისინი, ვინც აშშ-ის პოლიტიკური აქციების დაგეგმვით არიან დაკავებული, ძალიან აგრესიულ და არაპროფესიონალურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ. ამასთან, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, სანქციები რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას ჩიხში აქცევენ და სერიოზულ ზიანს აყენებენ.

"როგორც წესი, სანქციებს ბუმერანგის ეფექტი აქვთ და ეჭვგარეშეა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩიხში აქცევენ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებენ. დარწმუნებული ვარ, ეს ეწინააღმდეგება ამერიკისა და ამერიკელი ხალხის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთს კვლავ ღია აქვს კარი ამ სიტუაციიდან გამოსვლის მოლაპარაკებებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის საღი აზრი გაიმარჯვებს.

ამასთან, აშშ-ის სანქციების სიაში უკვე 40-ზე მეტი რუსი პოლიტიკოსი და კერძო მეწარმეა, ასევე რამდენიმე კომპანია.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები დააწესა. ახალი სანქციების სიაში მოხვდნენ რუსი ჩინოვნიკები, კომპანიები, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები. სანქციები შეეხოთ რუსულ კომპანიებს – "როსნეფტს", კონცერნ "კალაშნიკოვს", "გაზპრომბანკი", "ვნეშეკონომბანკს" და სხვა რამდენიმე კომპანიას.