ეროვნულ ბანკში გაიხსნა მიმდინარე ნომინალური პროცენტიანი ანგარიში, სადაც საპენსიო დანაზოგის ნახევარია განთავსებული და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში იქ არსებულ თანხას ერიცხება 6.75% სარგებლის სახით,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგის ნაწილი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულთა დანაზოგს წარმოადგენს, ასევე მიმდინარე პროცენტიან ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული კერძო კომერციულ ბანკებში და ერიცხება 5-6%-იანი სარგებელი.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად საპენსიო დანაზოგის სახით 60 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული. დაგროვებით საპენსიო სისტემაში უკვე 41 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, 500 000 ათასი დასაქმებულის საპენსიო ანგარიშია გახსნილი. როგორც სააგენტოში პროგნოზირებენ, წლის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 600 000-650 000-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. „საპენსიო სააგენტოს“ ჯერჯერობით არ დაუკომპლექტებია საინვესტიციო საბჭო, რომელმაც საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.