შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ჯამში, საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 372 855 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის განმავლობაში 9 521 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი.
აღსანიშნავია, რომ გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ 6 ჯარიმაა გამოწერილი გასულ წელს. კერძოდ, საჯარიმო ქვითრები გამოწერილია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც დადგენილ ნორმას აჭარბებს. ცნობისთვის, 6-ვე ჯარიმა თბილისშია გამოწერილი.
გაუმართავი სამუხრუჭე სისტემის, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობის, ანდა მწყობრიდან გამოსული ფარების, უკანასაგაბარიტო მაშუქების, მინის საწმენდი მექანიზმის თუ დარღვეული ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობის გამო 42 300 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი. აქედან, ყველაზე მეტი 8 859 ქვემო ქართლში; ხოლო 1 160 სამეგრელო-ზემო სვანეთში იყო გამოწერილი.