თბილისიდან მესტიაში L-410 ტიპის თვითმფრინავით პირველი რეისი შესრულდა

ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავით თბილისიდან მესტიის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.

ნატახტარის აეროდრომიდან მესტიამდე 15-ადგილიანი ჩეხური თვითმფრინავით დღეს მედიის წარმომადგენლებმა იმგზავრეს, ხვალიდან კი აღნიშნული თვითმფრინავით მგზავრობა ყველა მსურველს შეეძლება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ აეროპორტების ოპერირების დარგში გიორგი მოლოდინაშვილმა განაცხადა, რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება და ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 65 ლარი იქნება.

მისივე თქმით, ამ მიმართულებებზე რეგულარული ფრენების დანიშვნის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, რადგან ეს მოსახერხებელია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ავიარეისები თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას - 7-8 საათს 45 წუთამდე შეამცირებს.

პირველი რეისი მესტიის მიმართულებით ხვალ, პარასკევს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. გაფრენა 11:00 საათზე იქნება, გამოფრენა კი - 14:00 საათზე. ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს.

სახელმწიფოს სამი წლის განმავლობაში განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია, ფრენა ზამთრის პერიოდში.

მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ "ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში - მისამართზე: ბამბის რიგი #11; მესტიაში კი ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში.