ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები „თიბისი ბანკის“ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან

როდესაც საქმე ეხება „თიბისი ბანკს“, ეს ის საკითხია, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ „თიბისი“ სისტემური ბანკია. ის, რაც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ხდება, მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მაკრო-ფინანსური სტაბილურობისთვის. რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ვინაიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს ინვესტორები და ინვესტორების არჩევანია. მათ უნდა ესმოდეთ არსებული ვითარება. პროცესი გასაგებად და გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

„თიბისის“ აქციების ფასი იზრდება
ეროვნული ბანკი „თიბისის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ხაზარაძე და ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებს ინარჩუნებენ