„აფხაზეთიდან კონტრაბანდულად სიგარეტი „მანჩესტერი“ შემოდის“

„აფხაზეთი არის ერთ-ერთი სერიოზული წყარო, რომ თურქეთში ნაწარმოები კონტრაბანდული სიგარეტი შემოვიდეს საქართველოში“ - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში მათ შორის, აფხაზეთიდან მომავალი რისკებიც იყო შეფასებული.

„აფხაზეთი არის ერთ-ერთი სერიოზული წყარო, რომ თურქეთში ნაწარმოები კონტრაბანდული სიგარეტი, მაგალითად, „მანჩესტერი“ გადმოდის აფხაზეთში, ეკვრება აფხაზური აქციზი და მერე აფხაზური აქციზით შემოდის საქართველოში. ამიტომ მსოფლიო ბანკმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ საბაჟო სამსახური კარგად მუშაობს, მაგრამ ის მხოლოდ ოფიციალურ საზღვარს ამოწმებს და აკონტროლებს. რაც შეეხება ე.წ. არაოფიციალურ საზღვარს, იმედია ამ ადმინისტრაციულ საზღვარსაც გააკონტროლებენ და ასეთი კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის შემთხვევები მინიმალური იქნება. გასული წლის დეკემბრის მონაცემები რომ ავიღოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით კონტრაბანდა 1-2%-ს არ აღემატებოდა,“-განაცხადა ბახტურიძემ.

თაია არდოტელი