Nestle IDS Borjomi-ს აღარ იყიდის. ორ ბიზნეს-სუბიექტს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ფასის გამო შეთანხმება ვერ შედგა.
როგორც rbc-სთან საუბრისას წყარო აცხადებს, ამ ეტაპზე IDS Borjomi მოლაპარაკებებს არავისთან აღარ აწარმოებს.
IDS Borjomi-ს შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად 2018 წლის ოქტომბერში გავრცელდა. როგორც მაშინ რუსული „კომერსანტი“ წერდა, მაშინ „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi გასხვისებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა მარტო შვეიცარულ კომპანია Nestle-სთან, არამედ Coca-Cola-სთანაც.
IDS Borjomi International პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბუტილირებული წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. ის ფლობს 9 ქარხანას საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში. მის საკუთრებაშია ბრენდები – Borjomi, Святой источник და Моршинская. 2017 წელს კომპანიის გაყიდვებმა 1,5 მლრდ. ლიტრს მიაღწია.
„ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების კუთვნილი ფონდ Salford Capital Partners Inc.-სგან შეიძინა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით „ალფა-გრუპი“ ფლობს IDS Borjomi-ის 55,8%-ს, პატარკაციშვილის მემკვიდრეები – 37,2%-ს, დანარჩენი ეკუთვნის წვრილ აქციონერებს საქართველოში, რუსეთში და უკრანიაში.
2017 წელს IDS Borjomi-ის შემოსავალმა 9,1 მლრდ რუბლი (დაახლოებით 140 მლნ დოლარი) შეადგინა.