ეროვნული ბანკი „თიბისის“ საქმეზე ხვალ პარლამენტში აღარ მიდის

ეროვნული ბანკი „თიბისის“ საქმეზე ხვალ პარლამენტში აღარ მიდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ბიზნესპრესნიუსი" სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო-საფინანსო სექტორის რეგულატორი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს ქვეყანაში მოქმედი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგს და მათი საქმიანობის შესაბამისობას ბაზარზე დაწესებულ რეგულაციებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკი საქმიანობას მაქსიმალური გამჭვირვალობით წარმართავს და კანონმდებლობისა და რეგლამენტის თანახმად, ყოველთვის პასუხობს საკანონმდებლო ორგანოს შეკითხვებს. თუმცა, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, "თიბისი ბანკი" წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს.

მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მითუმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით არამიზანშეწონილად მიგვაჩნია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური საბანკო-საფინანსო სექტორის არსებობის გარანტია. ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა ყოველთვის იმსახურებდა უმაღლეს შეფასებებს საერთაშორისო დონეზე.

რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 1 იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს.

საყურადღებოა, რომ სარეიტინგო კომპანია FITCH-ის მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების პრესრელიზი ცალსახად აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციით დაწესებული პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური რისკების შემცირებას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.