ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არაჯანსაღი საკვების რეკლამა აიკრძალა

ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არაჯანსაღი საკვების რეკლამა აიკრძალა. 25 თებერვლიდან მეტროში, ავტობუსებში, ტაქსებზე, გზაჯვარედინებზე, მატარებლებსა და გაჩერებებზე გაქრება ყველა რეკლამა იმ საკვებზე, რაშიც შაქრის, მარილისა და ცხიმის მაღალი შემცველობაა. როგორც „ბიბისი“ წერს, ზოგიერთი ბანერი გარკვეული პერიოდით დარჩება, რადგან კომპანიებმა რეკლამა ხანგრძლივი პერიოდით იყიდეს.

არაჯანსაღი საკვების რეკლამის აკრძალვით ადგილობრივ ხელისუფლებას ბავშვთა სიმსუქნის პრობლემის გადაჭრა სურს. ლონდონის მერი სადიკ ჰანი ამბობს, რომ ეს არის „ნელი მოქმედების ბომბი“ და ამის საწინააღმდეგოდ რადიკალური მეთოდების გატარება იყო საჭირო. მერიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონელებს შანსს მისცემს, არჩევანი ჯანსაღ საკვებზე გააკეთონ.

სარეკლამო ასოციაციაში კი აღნიშნავენ, რომ აკრძალვა გავლენას არ იქონიებს იმ დიდ სოციალურ გამოწვევებზე, რომელიც სიმსუქნეს იწვევს.