საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 22.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 450.6 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით ნაკლებია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 171.3 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 622.0 მლნ ლარით, ანუ 6.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 6.0 პროცენტით).
"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 37.54 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.64 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.45 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.7 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.8 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა",-ნათქვამია განცხადებაში.