"თითოეული რეგიონის განვითარების გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია"

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს რეგიონული ბიზნესის ფორუმი - ,,ღია დიალოგი“ გახსნა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

“პრემიერ-მინისტრი, მთელი მთავრობა მხარს უჭერს ღია დიალოგის წარმართვას ბიზნესთან. კარგად გვესმის, რომ სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა, პირველ რიგში, თქვენი მეშვეობითაა შესაძლებელი და ჩვენი ძალისხმევაც მიმართულია იქეთკენ, რომ ხელი შევუწყოთ მეწარმეებს. რეგიონული ბიზნესის ფორუმი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოელი რეგიონის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ყველა პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ გავაფართოოთ არსებული პოტენციალი და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. სასიხარულოა, რომ მთავრობის ძალისხმევა დანახული და შეფასებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს გამოჩნდა Fitch - ის პოზიტიურ დინამიკაშიც, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა არის თანმიმდევრული და მიმართულია ქვეყნის მდგრადი განვითარებისკენ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეულმა მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებს, არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებიც მიიღეს.

რეგიონულ ბიზნესის ფორუმს 200-მდე მეწარმე დაესწრო.