1-ლი იანვრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე 147-მდე განაცხადი შევიდა.
აქედან 62 პირი უკვე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საფინანსო ბაზარზე ოპერირების დაწყების უფლება უკვე აქვთ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სებ-ში განუცხდეს, განაცხადების მიღება ამ დრომდე გრძელდება: „სულ 1-ლი იანვრიდან შემოვიდა 147 განაცხადი. 62-ს რეგისტრაციის უფლება მიეცათ, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს სხვა განაცხადებზე დოკუმენტაციის შესწავლა. თუ პირს ყველა დოკუმენტაცია ექნება წესრიგში და დააკმაყოფილებს მოთხოვნას, შესაბამისად, მოხდება მისი რეგისტრაცია“.
დარეგისტრირებული სუბიექტების 50%-ზე მეტი თბილისზე მოდის, დანარჩენი კი რეგიონებზე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სუბიექტებს დარეგისტრირება 30 აპრილამდე შეეძლებათ. თუ კომპანიები სებ-ში არ დარეგისტრირდებიან, მათ მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება ექნებათ.
სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საფინანსო ბაზრის სხვა მოთამაშეებს, სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთები ასე გამოიყურება:
ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია – 5 000 ლარი;
ბ) საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაცია – 10 000 ლარი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია – 50 000 ლარი;
დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია – 3 000 ლარი;
რაც შეეხება სალიცენზიო მოსაკრებელის განაკვეთებს, საბანკო საქმიანობის შემთხვევაში ეს 200 000 ლარს შეადგენს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობის შემთხვევაში კი 10 000 ლარს.