მიმდინარე წელს, თბილისში 19 ლითონის საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება, რომელსაც დედაქალაქის მერია საწყობებში განათავსებს, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, დასაწყობების შემდეგ, აღნიშნულ კონსტრუქციებს რა ბედი ეწევა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ კონსტრუქციებს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის ბალანსზე აიყვანენ.
ამჟამად, დედაქალაქში 38 საფეხმავლო ლითონის ხიდია. რამდენიმე თვის წინ, ვაშლიჯვრის ესტაკადის სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო ერთი მათგანის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.
მერიის განმარტებით, ქვეითებისთვის განკუთვნილი ლითონის ხიდის აღების შემდეგ, ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, ე.წ ზებრა გადასასვლელი მოეწყობა.
ამასთან, ლითონის ხიდების დემონტაჟთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეითებისთვის განკუთვნილი ყველა საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება.