„ჩვენ გვაქვს წარმატებები, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად უნდა გადავჭრათ"

ჩვენ გვაქვს წარმატებები, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად უნდა გადავჭრათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის მიერ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი, გამჭვირვალე და ყველასთვის მარტივად აღსაქმელი პროცედურა, თუ როგორ ახერხებს მთავრობა ნებისმიერი ბიზნესისთვის ოპერატიულ რეჟიმში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას.

„მეორე წარმატება, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი - საქართველო არის მე-6 ადგილზე Doing Business-ის რეიტინგში. ეს არის გლობალური წარმატება და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივი მუშაობით ჩვენ ეს შევძელით. ირაკლი ლექვინაძემ თავის გუნდთან ერთად გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა, ძალიან ბევრი საკითხი გადაიჭრა ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკითხების ოპერატიულად გადაჭრის მექანიზმი კიდევ უნდა დავხვეწოთ. ჩვენ გვაქვს წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ მე მოწადინებული ვარ, რომ ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად გადავჭრათ. ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი, გამჭვირვალე და ყველასთვის მარტივად აღსაქმელი პროცედურა, თუ როგორ ახერხებს მთავრობა ნებისმიერი ბიზნესისთვის ოპერატიულ რეჟიმში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას. მე მსურს მადლობა გადავუხადო ირაკლი ლექვინაძეს და მის გუნდს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს გასულ წელს, და ასევე მსურს გავიმეორო, რომ წელს ყველამ ერთად ეს წარმატება უნდა ავიყვანოთ ახალ დონეზე, რაც აისახება ჩვენს რეიტინგებში, შემდეგ კი გაზრდილ ინვესტიციებში და უფრო მეტ სამუშაო ადგილებში“, - განაცხადა ბახტაძემ.