მე ვისურვებდი, რომ სწრაფად დასრულდეს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესი, რადგან არსებული გაურკვევლობა აჩენს კითხვებს და ქმნის სირთულეებს ინვესტორებში,- ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კომპანია „კრისტალის“ დამფუძნებელი არჩილ ბაკურაძე.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ კობა გვენერაძე არ აპირებს დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე მისვლას, გასაგებია, რადგან გარკვეული საკითხები ვერ იქნება გამოტანილი საჯაროდ.
„თუმცა ძალიან პოზიტიურია ის ფაქტი, რომ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას „თიბისი ბანკის“ პრობლემებთან დაკავშირებით ცდილობს პარლამენტი. „ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მართლმსაჯულების და სამართლის უზენაესობის შემდგომი განვითარება", - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი,მამუკა ხაზარაძე მივა. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომიტეტის სხდომაზე მისვლას არ აპირებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.