2019 წელს დაგეგმილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს შენობა და კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაა შესული.
„ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში თბილისში არსებული ობიექტების გარდა, სვანეთსა და ბობოყვათში მდებარე უძრავი ქონებაცაა შეტანილი.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანილია:
• სვანეთი, მესტია - ლენჰარში მდებარე 37 443 კვ.მ. უძრავი ქონება;
• ბობოყვათი - აბაშიძის 90-ის მიმდებარე 10 495 კვ.მ. უძრავი ქონება;
• თბილისი - ცოტნე დადიანის 30 მდებარე 5360 კვ.მ. უძრავი ქონება;
• თბილისი - ჯავახიშვილის 51-ში არსებული 2096 კვ.მ. უძრავი ქონება;
• თბილისი - ილია ჭავჭავაძის გამზირი, N 60გ მდებარე 5331კვ.მ. უძრავი ქონება;
• თბილისი - ყოფილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია;
•თბილისი - დავით აღმაშენებლის 60-ში მდებარე ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ძველი შენობა;
რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას, 2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დაგეგმილია დაახლოებით 30 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების განახლებული ფინანსური მაჩვენებლების შეგროვების პროცესი, რის შემდგომაც მოხდება საპრივატიზებო პაკეტების შედგენა. დღეის მდგომარეობით კი საპრივატიზაციოდ განიხილება შპს „საქ-სპეც ტრანსი“ და შპს „საზღვაო ტექ სერვისი“.
„სააგენტო პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბიზნესსექტორთან სხვადასხვა მსხვილი საპრივატიზებო ობიექტების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩასართავად. პრივატიზების პროცესი არის გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს დაინტერესება საპრივატიზებო ობიექტის მიმართ და სააგენტო განიხილავს მას,“ - განმარტავენ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“.
შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, 2019 წელს იგეგმება 120 მილიონი ლარის ღირებულების მხვილი უძრავი ქონების, 30 მილიონი ლარის სახელმწიფო საწარმოებისა და 20 მილიონი ლარის წვრილი ქონების პრივატიზება.