დედაქალაქში კლდოვანი ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 13 მარტს დაიწყება და 18 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 881 519 ლარია.
მომსახურების მიწოდების ვადად კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი წელია განსაზღვრული.
„მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების შემთხვევაში სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებდეს არანაკლებ ორ მისამართზე. ამასთან, ვალდებულება აქვს სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.