მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ნაწარმზე ტარიფების აწევას გადადებს, ამას ჩინური იუანის, ასევე ისეთი სასაქონლო ვალუტების გამყარება მოჰყვა, როგორებიცაა ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარი.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებები, დათქმულ სამთვინ პერიოდში ვერ ჩაეტია. ამ შემთხვევისთვის, ტრამპი დაპირებული იყო, რომ 1-ელ მარტს, 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ იმპორტზე, საბაჟო ტარიფებს 10-დან 25 პროცენტამდე ასწევდა.
მაგრამ იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ტრამპმა ტარიფების აწევის ბოლო ვადა გადაიტანა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ინვესტორები ე.წ. რისკიანი აქტივების შესყიდვას მიეძალნენ. ასეთებს შორის კი, ევროსთან და სტერლინგთან ერთად, იუანიცაა. შედეგად, 1 დოლარის ფასი, 6.6972-დან 6.6737 იუანამდე შემცირდა.
„კომერცბანკის“ ფრანკფურტის ოფისის სავალუტო სტრატეგი ესთერ რაიხელტი ამბობს, რომ იუანის კურსი ისედაც ზედმეტად დაწეული იყო და ბაზარი მის ზრდას მოელოდა. ტრამპის განცხადებამ კი სწორედ იუანის გამყარებას შეუწყო ხელი. თუმცა ზრდა შეზღუდული იყო, რადგან ბაზრებს ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა, უკვე გათვალისწინებული აქვთ.
თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბაზრის მოთამაშეების ყურადღება, მალე ისევ გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გადაერთვება. „ბერკლიზის“ ტოკიოს ოფისის სავალუტო ბაზრის სტრატეგი შინიჩირო კადოტა ამბობს, რომ ინვესტორთა ყურადღებას ჩინეთის და მსოფლიოს ეკონომიკის ტენდენციებისკენ არის მიპყრობილი. იმავდროულად, ფედრეზერვის მიერ განაკვეთის აწევის პროცესის შეჩერების გამო, ინვესტორთა ლტოლვა რისკიანი აქტივებისადმი გაძლიერდა.
უარყოფითი ფუნდამენტური ფონის მიუხედავად, კვლავ გამყარებას ახერხებს სტერლინგი. ბრიტანთის მთავრობამ ბრიუსელთან მიღწეულ ბრექსიტის შეთანხმებაზე, პარლამენტისგან თანხმობას ვერ მიაღწია და ახლა სხვადასხვა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ევროკავშირიდან გასვლის თარიღის (29 მარტი) გადადებასაც განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში კენჭისყრა 12 მარტისთვის დანიშნა, რის გამოც, პარლამენტარებმა დროის გაყვანაში დაადანაშაულეს.