„ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ თიბისი ბანკის სტაბილურობაზეა დამოკიდებული საქართველოში ფინანსური სექტორის სტაბილურობა",- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" „ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბანკის ბედი ამ ეტაპზე გარკვეულია და ის ისევე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც იყო.
სოსო ფხაკაძეს უჭირს თავად მამუკა ხაზარაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება, მის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ.
„თიბისი ბანკი ბიზნესასოციაციის წევრია და ჩვენ როგორც ინსტიტუცია, ვიცავთ ინსტიტუციას. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებაც ამ ბანკის საკითხი დავაყენეთ მთავრობასთან და მათგანაც შესაბამისი დაპირება მივიღეთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
რაც შეეხება თავად „ვისოლ“ ჯგუფთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემდეგი თავდასხმის ობიექტი შესაძლოა, სოსო ფხაკაძე იყოს, ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი მორიგ ჭორს უწოდებს.
„ვისოლთან დაკავშირებით ჭორები 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრი გვსმენია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ესეც მორიგი ჭორი მგონია და ჩვენ ძალიან მშვიდი პასუხი გვაქვს - ვისოლი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და განვითარებას", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.