2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 41 პროექტს განახორციელებს, რომელზეც 138 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულად, 41 პროექტს შორის არის გზების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები ასურეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, მესტია-უშგულში, ბახმაროში, გუდაური-კობსა და ბაკურიანში განხორციელდება.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საუბარია როგორც მაგისტრალებზე, ისე შიდა გზებზე.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
„2019 წელს იწყება ტურიზმის მიმართულებით ფართომასშტაბიანი განვითარება და არამხოლოდ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურიზმის განვითარების მიმართულებით მაქსიმალურად მხარდამჭერი უწყებაა, ისევე როგორც სხვა სტრუქტურები. პროექტების განხორციელება წელს იწყება. უამრავი ნუსხაა იმ პრიორიტეტებისა და იმ მიმართულებების, სადაც ქვეყნის მხრიდან ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი გზა იყოს, რეაბილიტაცია განხორციელდეს და შეიქმნას მეტი ტურისტული მიმართულება იმისთვის, რომ შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის მეტად გენერირება შევძლოთ”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.