ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს 20 მილიონიან ბიუჯეტს, რათა გადანაწილდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და ამ თანხით მუნიციპალიტეტებმა ამბულატორიების აშენება შეძლონ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 363 ამბულატორია აშენდება და გარემონტდება. ასევე დაიწყება რაიონული დახმარების სადგურების აშენება. მინისტრის თქმით, პროექტი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.
„ასევე არის რამდენიმე ამბულატორია, რომელიც არ იმყოფება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ასეთ შემთხვევაში სოფლის ექიმები კომუნალურ გადასახადებს თავისი ხელფასებიდან იხდიდნენ. ამ პროექტის ფარგლებში, ეს საკითხიც მოწესრიგდება.
იგივე ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე 39 მუნიციპალიტეტი, სადაც რაიონული დახმარების სადგურები ძველია, აშენდება და რეალურად ინფრასტრუქტურულად რეგიონული ჯანდაცვის საკითხები მოგვარდება. ეს საკითხები ორი წლის განმავლობაში იქნება მოგვარებული“, - განაცხადა დავით სრეგეენკომ.