„ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის "ვისოლ ჯგუფით" შესაძლო "დაინტერესების" შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ფხაკაძემ ამ ინფორმაციას მორიგი ჭორი უწოდა.
„ვისოლთან დაკავშირებით ჭორები 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრი გვსმენია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ესეც მორიგი ჭორი მგონია და ჩვენ ძალიან მშვიდი პასუხი გვაქვს - ვისოლი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და განვითარებას", - განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკით“ დაინტერესება და ბანკის მიერ 2007-2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ანაკლის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება.
სხვათაშორის, ანაკლიის პორტი ორჯერ გავრცელებულ განცხადებაში მამუკა ხაზარაძემაც ახსენა და აღნიშნა, რომ „დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა ფხაკაძეებს კომპანიაში საკონტროლო პაკეტის გაყიდვა სანდო პირის - ერთ-ერთი ბიზნესმენის სახელით უკვე შეუთვალა.
ქრისტინე გამთენაძე