საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას. მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს და უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ.
„ეს რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. რეფორმების შედეგები დადებითად იმოქმედებს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე“, - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
მერსედეს ვერა-მარტინის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდა 2018 წელს.
„ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, გაზრდილმა საგარეო მოთხოვნამ, რაც ძლიერ ექსპორტსა და ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებში აისახა“, - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, სხვა რეფორმებთან ერთად, განათლების რეფორმაა.