“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან ოფიციალური მიწვევა არ მიუღიათ, თუმცა მიწვევის შემთხვევაში, მზად არიან ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მისი შეთავაზება, კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინოს, კვლავ ძალაშია.
კოვზანაძის განმარტებით, კომიტეტში შეიძლება საკითხის პროფერსიონალური განხილვა შედგეს, ხოლო თარიღი და მოსმენის ფორმატი მოლაპარაკების საგანია.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ, სადაც როგორც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომა კობა გვენეტაძის გამოსვლისას, საკითხის განხილვის ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო, ჩაიშალა.