ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რომ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ეს ახალი არავისთვისაა. თუმცა, ამ მიმართულებით ყველაზე რთულ მდგომარეობაში მცირე და მიკრო ბიზნესია, რომელსაც სასტარტო კაპიტალის მოსაზიდად, პრაქტიკულად ერთადერთი წყარო - ბანკები რჩებათ. ამ მიმართულებით, თითქმის უიმედო მდგომარეობაშია სტარტაპ ბიზნესი, რომლის დაკრედიტებასაც თავად ბანკებიც ერიდებიან, რიგი ობიექტური მიზეზების გამო. ამის შესახებ "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი წერს.
მისი თქმით, მართალია თუ მსოფლიო პრაქტიკას გადავხედავთ, ვერ ვნახავთ ქვეყანას, სადაც სტარტაპ ბიზნესის დაფინანსების ტვირთს კომერციული ბანკები იღებდნენ. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ სტარტაპი მაღალრისკიანი ბიზნესია და ხშირ შემთხვევაში იდეის ავტორი დაფინანსებას მხოლოდ ამ იდეაში იღებს. ჩნდება კითხვა მაშინ ვინ უნდა დააფინანსოს სტარტაპ ბიზნესი, რომელიც განვითარებული ქვეყნებში მშპ-ს თითქმის 30% ქმნიან.
"საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სტარტაპერების პირველი დაფინანსების წყარო არის ე.წ. “ენჯელ ინვესტორები” - ადამიანები, რომელიც პირველ დაფინანსებას აძლევს სტარტაპს. შემდეგი ეტაპია აქსელერატორის გარემო. აქესლერატორში გამართული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს, წამოიღოს დამატებითი სახსრები, კომპანიის თანამშრომლებისთვის, რეგულარული ერთგვარი, ხელფასის გადასახდელად, რათა ახალგაზრდა კომპანიამ მეტი დრო დაუთმოს პროდუქტზე მუშაობას. ამას მოსდევს, კომპანიის მხრიდან ვენჩურული კაპიტალის მოზიდვა. ვენჩურული ინვესტიციის მოზიდვა არის ერთ-ერთი ბოლო საფეხური “ექსითიმდე”. ვენჩურულ ინვესტიციას ჩვეულებრივი ინვესტიციისგან, გაცილებით მაღალი რისკი განასხვავებს. ასევე, ინვესტორი ინვესტიციის სანაცვლოდ კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ხდება. სწორედ ეს არის ვენჩურული ინვესტიციის მთავარი ხიბლი. ასეთ შემთხვევაში კომპანიის წარმატებით გაყიდვის შემთხვევაში, ანუ “ექსითის” წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინვესტორი მნიშვნელოვან ბენეფიტებს იღებს. “ექსითის” შემდეგ ანუ კომპანიის გაყიდვის შემდეგ კომპანია სტარტაპად აღარ ითვლება და მიიჩნევა, რომ ასეთ შემთხვევაში სტარტაპი შედგა.
სტარტაპ ბიზნესის დაფინანსების პრობლემა საწყის ეტაპზე, თითქმის ყველა ქვეყანას ედგა და მათ ეს პრობლემა ვენჩურული ფონდების საშუალებით გადაჭრეს. ვენჩურული ფონდი ეს არის ერთგვარად სტარტაპებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ექსპერტები, სწორედ ამ ექსპერტების მოვალეობაში შედის სტარტაპის შეფასება. ისინი დეტალურად სწავლობენ სტარტაპ იდეას და თუ იდეა ეკონომიკურად მართლაც პერსპექტიულია, მხოლოდ ამის შემდეგ აბანდებენ ფულს სტარტაპში. მაგრამ, ბიზნესგეგმის შესწავლის გარდა, ეს ფონდები წმინდა მათემატიკურ გათვლებსაც ეყრდნობიან, რაც გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად თუ ვენჩერულ ფონდს 5 სტარტაპი აქვს დაფინანსებული და 5-დან ერთ-ერთმა მაინც გაამართლა, ეს ფონდი დანარჩენი 4 ჩავარდნილი პროექტის ფულსაც ამოიღებს, ეს წმინდა მათემატიკური გათვლებია და მოსაზრება, რომ ვენჩურული ფონდები მხოლოდ წმინდა წყლის “ლატარიას” თამაშობენ, რა თქმა უნდა, მცდარია.
თუმცა, ჩვენს რეალობაში, სადაც არც ვენჩერული ფორმები არსებობს, არც სტარტაპების დაფინანსების კლასიკური სქემა მოქმედებს, თითქოს დაფინანსების ერთადერთ წყაროდ კერძო სექტორი უნდა განიხილებოდეს. მაგრამ, დღევანდელ ბიზნესს პრაქტიკულად შეუძლებელია აუხსნა, თუ რატომ უნდა დააფინანსოს სტარტაპ იდეა. ამასაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. პირველი არის ის, რომ ადგილობრივ ინვესტორებს უბრალოდ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით იმისათვის, რათა შეაფასონ რამდენად პოტენციურია ესა თუ ის სტარტაპ იდეა. მეორე, სტარტაპ ბიზნესის შეფასებაც სპეციფიკურია იმდენად, რამდენადაც ინვესტორი პრაქტიკულად იდეაში აბანდებს ფულს. მესამე კი არის ის, რომ ბიზნესი, რომელიც საკუთარ დაქირავებულსაც კი 10- ჯერ მეტ კვალიფიკაციას და უნარებს სთხოვს, ვიდრე ეს კონკრეტულ ვაკანსიას სჭირდება, თითქმის უტოპიის ტოლფასია, ასეთი ბიზნესი სტარტაპის დაფინანსებაში დაარწმუნო.
იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სტარტაპის დაფინანსების კლასიკური წყარო არ არის ქართულ რეალობაში, სწორედ ეს უკანასკნელი განიხილება სტარტაპის დაფინანსების ერთადერთ წყაროდ.
პროგრამა “სტარტაპ საქართველო” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2016 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ხელი შუწყოს დამწყები ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. “სტარტაპ საქართველოში” მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ეკონომიკურად მომგებიანი ახალი ან კარგად გაუმჯობესებული იდეა, რომელიც საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი და მომგებიანი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარს სახელმწიფოსგან შეუძლია თანადაფინანსების მიღება 15 000 დან 100 000 ლარამდე ოდენობით. ასევე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, წარმატებული პროექტების შემთხვევაში, დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად პროექტი გაიტანოს და კოორდინაცია გაუწიოს სილიკონის ველზე. თუმცა, აღნიშნულმა სახელმწიფო პროგრამამ ვერ გადაჭრა, სასტარტო კაპიტალზე წვდომის პრობლემა, რომელიც სტარტაპის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად გასულ წელს, მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა სასტარტო კაპიტალის რეფორმა. რეფორმა მიმდინარე წლის აპრილში უნდა ამოქმედდეს და რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული სესხის 70-% გარანტორი იქნება. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ინიციატივა ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად უმცირებს ბანკებს რისკებს, ხოლო, მეორე მხრივ უზრდის მცირე ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, პროგრამას მაინც მრავალი ხარვეზი აქვს.
პირველი ეს არის უზრუნველყოფის ბიუჯეტის მოცულობა, რომელიც იმდენად მცირეა, რომ პრაქტიკულად რეალური გავლენის მოხდენა არ შეუძლია დაკრედიტების საერთო სურათზე. მეორე მნიშვნელოვან პრობლემას ამ პროგრამაში ვეჯახებით სტარტაპებთან დაკავშირებით. კერძოდ კი პროგრამის მიხედვით სახელმწიფო დაფინასების მაქსიმუმ 70% -ს უზრუნველყოფს, რაც საკმაოდ კარგი პირობაა მცირე ან საშუალო ბიზნესისთვის, მაგრამ არა სტარტაპ ბიზნესისთვის. რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხშირ შემთვევაში მხოლოდ იდეასა და ბიზნეს გეგმას მოიცავს და 100%-ით დამოკიდებულია ინვესტორის დაფინანსებაზე.
შესაბამისად, სტარტაპის განვითარების იდეა, ისევ საკმაოდ ბუნდოვანია ჩვენს ქვეყანაში და მის დასაფინანსებლად გამბედაობა, ისევ არავის არ ჰყოფნის",- წერს ბაირახტარი.
წყარო: bfm.ge