დღესდღეობით საოჯახო სასტუმროების 90% „შავად“ მუშაობს. საოჯახო სასტუმროები არ რეგისტრირდებიან, რადგან სასტუმროდ დარეგისტრირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ წყალს მეპატრონეები თავადაც მოიხმარენ საყოფაცხოვრებო მიზნებით, ეკისრებათ არასაყოფაცხოვრებო ტარიფი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა“ შალვა ალავერდაშვილმა დღეს სემეკში, საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ალავერდაშვილი დადებითად აფასებს წყლის ჰიბრიდული ტარიფის დანერგვას და იმედოვნებს, რომ მსგავსი მიდგომა გაზის ტარიფზეც გავრცელდება.
„ქვეყანაში ერთ მხარეს არიან ტურისტული კომპანიები, რომლებსაც დაურეგისტრირებელ საოჯახო სასტუმროებში არ მიჰყავთ სტუმრები და მეორე მხარეს - საოჯახო სასტუმროები, რომლებსაც ტურისტები არ ჰყავთ. საჭიროა ამ ორი რგოლის გადაბმა. წყლის ჰიბრიდული ტარიფი ამ პროცესის დასაწყისია. იმედი მაქვს და თხოვნა სემეკთან, რომ მსგავსი მიდგომა გავრცელდეს გაზის ტარიფზე და ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმრო ოფიციალურად დარეგისტრირდება“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები სემეკში გაგრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი , 26 აპრილამდე გახდება ცნობილი.