ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი განმარტებით, დღევანდელ კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე იმიტომ არ შედგა, რომ საკუთარ თავზე არ აიღო ბანკზე უარყოფითი გავლენის შესაძლო რისკი.
„თავიდან მქონდა ისეთი პოზიცია, რომ „რა დაშავდება შეკითხვების დასმით“, მაგრამ კობა გვენეტაძე ამტკიცებდა, რომ არ არის ის მოცემულობა, რომელიც დადებითი ზეგავლენის მომხდენია. შედეგად, მე საკუთარ თავზე უნდა ამეღო რისკი. ხვალ რომ „თიბის ბანკის“ აქციები დაცემულიყო, მაშინ კობა გვენეტაძეს უნდა ეთქვა: „თქვენ რომ კომიტეტზე არ განგეხილათ ეს საკითხი, მაშინ „თიბისი ბანკის“ აქციები იქნებოდა ისევ წესრიგში და ეს თქვენი ბრალია“. ამას ხომ არ ავიღებდით ჩვენს თავზე? ასე დასვა სებ-ის პრეზიდენტმა საკითხი და ჩვენც შესაბამისად ვუპასუხეთ.
ბოდიშს ვუხდი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემა, უბრალოდ სიტუაცია ასეთნაირად წავიდა. მათ ბოდიშს ვუხდი, თუ დამიჯერებენ, რომ ეს არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემის მცდელობა, უბრალოდ ისეთი კაკაფონია იყო იქ, რომ ეს არ დაემსგავსებოდა არც მათი მხრიდან და არავის მხრიდან საგნობრივ საუბარს იმ თემებზე, რომელზე საუბარიც მათ სურდათ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.