„ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ აფთიაქებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და კლინიკებიდან 8 000-ზე მეტმა პირმა მიიღო"

ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ აფთიაქებიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან და კლინიკებიდან ჯამში 8 000-ზე მეტმა პირმა გაიტანა, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან „ტამიფლუ“ 3 500-ზე მეტმა პირმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის გაცემა არა კოლოფებით, არამედ, ექიმის დანიშნულებისამებრ, კაფსულებით ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ტამიფლუს“ მარაგი ქვეყანაში არის, ხოლო აღნიშნული რაოდენობიდან რაც დარჩება, დასაწყობდება და მომავალი წლისთვის შეინახება. მათივე ინფორმაციით, მედიკამენტი უფასოდ იქამდე გაიცემა, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

აღსანიშნავია, რომ გრიპის ვირუსთან საბრძოლველად წელს სახელმწიფოს 11 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული, საიდანაც 1 მილიონი ანტივირუსული პრეპარატის -„ტამიფლუს“ შესაძენად დაიხარჯა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და მთლიანად ინფექციურ დაავადებებზე დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ ანტივირული პრეპარატი „ტამიფლუ“ 12 იანვრიდან, ექიმის დანიშნულებით, ყველასთვის უფასო გახდა.