თბილისის რაიონის გამგეობებმა 2018 წლის განმავლობაში ცალკეული ოჯახების ქირით უზრუნველყოფისთვის ჯამში, 4 817 762 მილიონი დახარჯეს, ხოლო 2019 წლის იანვარში - 462 356 ლარი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. გამგეობებიდან გამოგზავნილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის განმავლობაში გამგეობებს ქირით, ჯამში, 1 418 ოჯახი ჰყავდათ გაყვანილი, აქედან საკუთარ საცხოვრისს 50 ოჯახი დაუბრუნდა.
„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, საკომპენსაციოდ ყველაზე მეტი თანხა გასული წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გამოყო, ჯამში - 1 104 410 ლარი.
რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგეობას, 2018 წლის განმავლობაში დროებითი საცხოვრისის კომპენსაციით ჯამში 171 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც 575 793.50 ლარი დაიხარჯა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე კი, ქირით უზრუნველყოფილია 141 ოჯახი, რაც გამგეობას 43 475.50 ლარი დაუჯდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ 2018 წლის განმავლობაში ქირით 93 ოჯახი დააკმაყოფილა, რაც ჯამში, 299 640 ლარი დაუჯდა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე კი, ქირის კომპენსაცია, ჯამში 29 200 ლარი 86 ოჯახზეა გაცემული. წლის განმავლობაში 11 ოჯახის საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება იგეგმება.
რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგეობას, ქირით 2018 წლის განმავლობაში 6 ოჯახი უზრუნველყო, რაც ჯამში 13 352 ლარი დაუჯდა, საცხოვრებელ ოჯახებს კი, დაუბრუნდა 8 ოჯახი მას შემდეგ, რაც აღმოიფხვრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი და მოხდა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია. 2019 წელს კი დიდუბის რაიონის გამგეობას ქირით უზრუნველყოფილი ჰყავს 57 ოჯახი, რაც ჯამში 19 150 ლარი დაჯდა.
2018 წლის განმავლობაში ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ქირით 27 ოჯახი დააკმაყოფილა, რაც ჯამში, 457 218 ლარი დაჯდა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე კი, ქირით უზრუნველყოფილია 158 ოჯახი, თვიური დანახარჯი კი 41925 ლარს შეადგენს. 2019 წელს გამგეობის მიერ საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკუთარ სახლებში დაბრუნება 6 ოჯახისთვის იგეგმება.
გლდანის რაიონის გამგეობამ 2018 წელს ქირით 99 ოჯახი დააკმაყოფილა და საკომპენსაციოდ 283 949 ლარი გასცა. ქირით კომპენსაციის ჩარიცხვა 6 ოჯახს შეუწყდა.
2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე კი, 85 მოქალაქეს ჩაერიცხა ბინის ქირის საკომპენსაციო თანხა, რაც ჯამში 23 681 ლარს შეადგენს.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წლის განმავლობაში ქირით 375 ოჯახი უზრუნველყო, რაც ჯამში 1 104 410 ლარი დაუჯდა. საცხოვრებელ ადგილს წლის ბოლომდე 6 ოჯახი დაუბრუნდა. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე ქირით უზრუნველყოფილია 348 ოჯახი, ხარჯი კი 94 220 ლარს შეადგენს. წლის ბოლომდე გამგეობა 8 ოჯახის საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას გეგმავს.
ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წლის განმავლობაში ქირით 270 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც ჯამში საკომპენსაციოდ 797 890 ლარი გაიცა. 2019 წლის დამტკიცებული სიის მიხედვით ბინის ქირის საკომპენსაციო თანხები 232 ოჯახს უნაზღაურდება. მხოლოდ იანვარში ამ თანხამ 68 753,56 ლარი შეადგინა.
სამგორის რაიონის გამგეობამ 2018 წლის განმავლობაში 228 ოჯახის ქირით უზრუნველყოფისთვის 725 460 ლარი დახარჯა. ოჯახებს დაუბრუნდა ავარიული ბინებიდან გამოსახლებული 11 ოჯახი. ხოლო 2019 წლის იანვარში ქირით უზრუნველყოფილი იყო 212 ოჯახი, რისთვისაც გამგეობამ 59 160 ლარის კომპენსაცია გამოყო. წლის განმავლობაში კი საკუთარ ბინებში შესახლება 19 ოჯახისთვის იგეგმება.
მთაწმინდის რაიონის გამგეობაში 2018 წლის განმავლობაში კომპენსაციის სახით 155 ოჯახზე 530 450 ლარი გამოიყო, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე კი, ბინის ქირა 112 ოჯახს გადასცა, რამაც ჯამში 38 150 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კრწანისის რაიონის გამგეობას, 2018 წლის განმავლობაში 12 ოჯახზე 29 600 ლარი გასცა, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე კი, ქირით უზრუნველყოფილია 162 ოჯახი, რისთვისაც საკომპენსაციოდ 50 650 ლარი გაიცა. გასული წლის განმავლობაში გამგეობამ ქირით კომპენსაცია 19 ოჯახს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების გამო შეუწყვიტა.
„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი დოკუმენტის თანახმად, ოჯახების კომპენსაციით დაკმაყოფილება „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ პროგრამით სტიქიური მოვლენებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხორციელდება.