"უნდა შევთანხმდეთ, რომ ავტომობილების შემოტევის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი ნაბიჯებია საჭირო"

„როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა უნდა შევთანხმდეთ, რომ ავტომობილების შემოტევის პრობლემის მოსაგვარებლად ხისტი ნაბიჯებია საჭირო“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განუცხადა.

ლალიაშვილმა დადებითად შეაფასა პარკირების ზონალურ, საათობრივი სისტემაზე გადასვლა და აღნიშნა, რომ ქალაქი ამის საპილოტე ვერსიის მისაღებად მზად უნდა იყოს. ამასთან, ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის აღნიშნულ სისტემაზე სრული გადასვლა მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით ალტერნატივა გაჩნდება.

„პარკირების ზონირება ის მეთოდი და სისტემაა, რომელიც სჭირდება დედაქალაქს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქალაქში, განსაკუთრებით ცენტრში გადატვირთულობა ყოველდღიურად იმატებს და ეს უარყოფითად მოქმედებს როგორც უსაფრთხო გადაადგილებაზე, აგრეთვე ჰაერზე. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელიც ზრუნავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე თუ საგზაო უსაფრთხოებაზე, ზონირების სისტემა მოქმედებს. ეს ათწლეულების განმავლობაში გამოცდილი სისტემაა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ცენტრალურ ნაწილში იქნება მაღალი საათობრივი გადასახადი, ეს შეზღუდავს, შეამცირებს ავტომობილების რაოდენობას. მაგრამ, ამავდროულად უნდა იყოს ალტერნატივა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით. რაც შეეხება საათობრივად 50-თეთრიან ტარიფს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მცირეა. თუ გვინდა, გავართულოთ პარკირება ცენტრალურ ნაწილში, ჯერჯერობით კი ლესელიძის ქუჩაზე, მაშინ 50 თეთრი მინიმალურია. თუმცა შესაძლოა, იყოს დაკვირვების ობიექტი ეს უბანი და დარწმუნებული ვარ, გაჩნდება იმის საჭიროება, რომ საათობრივი გადასახადი უფრო გაძვირდეს“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის მსგავსი ინიციატივა ზეწოლა მოსახლეობაზე, რომელთა უმეტესობასაც მაღალი შემოსავალი არ აქვს, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ავტომობილების შემოტევისთვის გამკლავებისთვის ხისტი ნაბიჯების გადადგმა საჭიროა.

„დღეს თბილისი არ არის მზად, ყველა უბანში შემოვიღოთ საათობრივი პარკირება. მაგრამ უნდა ვიყოთ მზად, საპილოტედ დავიწყოთ ეს პროექტი, თუნდაც ერთ ქუჩაზე. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ალტერნატიული ტრანსპორტი უნდა იყოს ჯერ და მხოლოდ შემდეგ დაინერგოს ეს სრულად დედაქალაქში. თუმცა, თუ ხისტი ნაბიჯები არ გადავდგით, მაშინ ამ პრობლემას, რომელიც სერიოზული შემოტევაა ავტომობილების შემოტევის სახით, ვერასდროს მოვაგვარებთ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე მოქალაქეები, რომ გვჭირდება ხისტი ნაბიჯები. თუმცა პარალელურად უნდა მოვითხოვოთ, რა გვჭირდება ჩვენ, როგორც საზოგადოებას“, - აღნიშნა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ.

მერია საპილოტე პროექტის განხორციელებას 1-ელი ივლისიდან ლესელიძისა და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე აპირებს. მერიის გადაწყვეტილებით, ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო პარკირების ზონალური საფასური სავარაუდოდ 50 თეთრიდან განისაზღვრება.