საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 25 თებერვლისთვის პირველადი ტექინსპექტირება სულ 109 416-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 61% -66 401 ავტოსატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა. ვარგისი იყო 43 015, ანუ საერთო რაოდენობის 39%.
„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის მოლოდინები, რაც არსებობდა, მართლდება.
„ტექინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით რა მოლოდინებიც იყო, მართლდება. შემოწმების შედეგად ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მეპატრონეებს ავტომობილები მოუმზადებელ მდგომარეობაში მიჰყავთ შესამოწმებლად, რადგან განმეორებით ინსპექტირებას ავტომობილების უმეტესობა წარმატებით გადის,“-განაცხადა იორდანაშვილმა.
მისივე თქმით, ამჟამად ტექინსპექტირების 41 კომპანია ფუნქციონირებს 140 ხაზით და ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს, რადგან ინფრასტრუქტურა მზადაა. თუმცა, იორდანაშვილი პრობლემას ინსპექტორთა განსხვავებულ მიდგომებში ხედავს.
„პრობლემა შეიძლება იყოს სხვადასხვა ცენტრებში ინსპექტორების განსხვავებული მიდგომები. არსებობს საერთო სტანდარტი და რეგლამენტი, თუმცა არაერთი ახალი თუ ძველი ცენტრია და საერთო მომსახურების საერთო სტანდარტის შესათავაზებლად ინსპექტორების გადამზადებაა საჭირო“, - აცხადებს იორდანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 2019 წლიდან გახდა სავალდებულო, თუმცა აღნიშნული რეფორმა 2018 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდებოდა.