Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში დაუდასტურეს. თუმცა, სად გააგრძელებს ის საქმიანობას, Georgian Airways-ში ამბობენ, რომ არ იციან.
მანამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ გივი დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნება. აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმაციას აზუსტებენ. ეკონომიკის სამინისიტროს პასუხს „ბიზნესპრესნიუსი“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
გივი დავითაშვილის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნაზე ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო avianews-მა გავრცელა, თუმცა ფაქტს თავად სააგენტოში არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ მოადგილის შერჩევა კონკურსით მიმდინარეობდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი, გივი დავითაშვილი Georgian Airways დირექტორად 22 თებერვლიდან აღარ ფიგურირებს. როგორც რეესტრის ვეგ გვერდზე ვკითხულობთ, სწორედ ამ დღიდან კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე რობერტ ოგანესიანი დაინიშნა.