კახა კალაძის განცხადებით, გენერალურ გეგმაში ხარვეზები გასწორებულია და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზები გასწორებულია და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასრულებულია და ეს ნამდვილად მოსალოცი ამბავია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება. რამდენიმე ხნის წინ გადმოგზავნილი იქნა საკრებულოს მიერ ისევ მერიაში ეს დოკუმენტი, რათა მათი ხარვეზები და შენიშვნები ყოფილიყო გათვალისწინებული. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი არის გამოსწორებული. შენიშვნები, რომელიც იყო წამოსული, მიღებული და გასწორებულია და დღეს უკვე დოკუმენტს გადავგზავნით საკრებულოში, რათა გენერალური გეგმა იქნას მიღებული. ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო სრულყოფილი და რაც მთავარია, ყოფილიყო შესრულებადი. ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, ჩვენ სამუშაოებში ჩავრთეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ძალიან დაგვეხმარა ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, ექსპერტები და ა.შ. ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მივიღეთ დოკუმენტი, რომლის მიღებითაც შესაძლებელი იქნება თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რომ თავიდანვე იქნას აცილებული ის სერიოზული პრობლემა, ქაოტური მშენებლობა, რომელიც თბილისში გვაქვს. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილებები ისევ წაადგება დედაქალაქს და მის სწორ განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.