კუს ტბის მიმდებარედ 7 ჰექტარი ფართობის გამწვანება იგეგმება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან იუწყებიან.
მიმდინარე წელს თბილისის მერია ჯამში 16 886 ძირი ხე-მცენარის შეძენას გეგმავს. გარდა კუს ტბისა, ნერგების დარგვა მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში იგეგმება. ძირითადად, თბილისის მერია გეგმავს შეიძინოს: ევროპული მუხის ნერგები; უნაყოფო თუთა; იაპონური სოფორა; ამბრის ხე; ირმის რქა; წითელი ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; ჰიმალაის კედარი; წვრილფოთოლა იფანი; აღმოსავლური ჭადარი, მელიას ხე; იტალიური ფიჭვი; კედარი ჰიმალაის II; როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ 16 886 ხე-მცენარის შესაძენად სამსახურს 633 829 ლარი აქვს გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადებულია.