„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 უკვე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, 183-დან 60 ოჯახი თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. ასევე, 123 ფართი ამ დროისთვის მშენებლობის პროცესშია.

„თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პროექტი. 3 000-ზე მეტი ოჯახია კოოპერატივებით დაზარალებული და ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახზე მოხდა ფართების გადაცემა, აქედან 60 ოჯახზე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ფართები უკვე გადაცემულია. დაახლოებით, 123 ფართი მშენებლობის პროცესშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.