ფერმერის ერთადერთი ვალდებულებაა, რომ 5 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ არ უნდა დატოვოს სახელმწიფოს საზღვრები.
ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვიგირავებთ ტექნიკას, - ამის შესახებ „ინტერპრესნნიუსს“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში ტექნიკის შესყიდვა შესაძლოა, მოხდეს საზღვარგარეთის ბაზარზეც და საქართველოშიც, მთავარია ეს ტექნიკა არ იყოს ექსპლუატაციაში მყოფი და წარმოებული იყოს არაუმეტეს 2 წლით ადრე.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას სავარაუდოდ, მარტში დაიწყებს. პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4 მილიონი ლარია, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა.