„აიპლიუსი“ ქსელში Samsung-ის სმარტფონებს ამატებს. ამის მიზეზად კი კომპანიაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებს ასახელებენ. Samsung-ის გარდა, მაღაზიათა ქსელში სხვა ბრენდის სმარტფონებიც გაიყიდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „აიპლიუსი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ შემოკლებით გთავაზობთ.
„Apple-ის პოლიტიკა მიმართულია მარალხარისხიან ტექნოლოგიაზე, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, იზრდება მისი ღირებულებაც. Apple საერთაშორისო კორპორაციაა და მის სტრატეგიას საერთაშორისო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განაპირობებს. ქართული ეკონომიკის განვითარების ტემპი ვერ ეწევა და ჩამორჩება Apple-ის განვითარების ტემპს, რამაც ქართველი მომხმარებლისათვის Apple-ის პროდუქციასთან ხელმისაწვდომობა გაართულა.
iPhone ტექნოლოგიურად ვითარდება, შესაბამისად, მისი ღირებულებაც წლიდან-წლამდე მზარდია, ხოლო ჩვენი და თქვენი შემოსავალი, არც იმდენად მზარდი, რომ Apple-ის ყველა მომდევნო პროდუქცია, რომელიც სულ უფრო ძვირფასია, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.
გარდა ჩვენი ეკონომიკის დაბალი ზრდის და iPhone-ის ღირებულებას შორის დისბალანსისა, მომხმრებლებისათვის დამატებითი წნეხი, 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული განვადების რეგულაციები გახდა. რეგულაციებმა მომხმარებლების დიდ უმრავლესობას კიდევ უფრო შეუზღუდა წვდომა Apple-ის ძვირფას პროდუქციაზე და შესაბამისად iPlus-ის გუნდი დინამიური განვითარების შეფერხების წინაშე დააყენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამიტომ, როგორც კომპანიაში ამბობენ პროდუქციის შეძენას ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ფაქტორის ერთად დამთხვევის გამო, დაიწყება პროდუქციის გამრავალფეროვნება.
„ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით, გთავზობთ Apple-ის პროდუქციასთან ერთად, iPhone-თან შედარებით დაბალი ღირებულების Samsung-ის სმარტფონებს. დაგეგმილი გვაქვს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად უახლოეს პერიოდში სხვა ბრენდებსაც შემოგთავაზოთ.
2019 წლის 1-ლი მარტიდან, iPlus მულტიბრენდული კომპანია ხდება. თავდაპირველად, “აიპლიუსის” გასაყიდ პროდუქციაში, 90%-იან წილს Apple-ის პროდუქცია შეინარჩუნებს, ხოლო დანარჩენი ბრენდების წილი 10%-მდე გვექნება, რომელსაც ნელ-ნელა განვავითარებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„აიპლიუსი“ საქართველოს მასშტაბით 6 სავაჭრო ობიექტს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.