დედაქალაქში, 4 მლნ კვ.მ ფართობზე მშენებლობა შეიზღუდება. აღნიშნულს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს. როგორც გენგეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“განაცხადა, ეს ადგილები ძირითადად განაშენიანებულ ტერიტორიებს გარეთ მდებარეობს.
თბილისის მიწართსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიის მიერ უკვე დაკორექტირდა და საკრებულოს გადაეგზავნა. როგორც ცნობილია, მისი დამტკიცება მარტში მოხდება.
„მოხდება იმ ადგილების გამოსყიდვა, კომპენსირება ან ადგილმონაცვლეობა, სადაც გენგეგმის მიხედვით მშენებლობა აიკრძალება. ეს არის დაახლოებით 4 მლნ კვ.მ. ფართობი (400 ჰექტარი).
აღნიშნული ადგილები ძირითადად მდებარეობს განაშენიანებულ ტერიტორიებს გარეთ. ეს არის სატყეო და რეკრეაციული ტერიტორიები, ასევე ლანდშაფტური, წყალდაცვითი და მეწყერსაშიში ზონები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სად და როგორ ხდებოდა ტერიტორიები გაცემა. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ყველგან და არავინ უყურებდა კანონმდებლობასთან ეს რამე წინააღმდეგობაში მოდიოდა თუ არა.
ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ აქ კატეგორიულად არ შეიძლება მშენებლობა, ჩვენ ვამბობთ, რომ ამას სჭირდება ძალიან დეტალური კვლევა, რათა ის ცუდი შედეგები არ გამოიწვიოს, რომელიც არაერთხელ ვიწვნიეთ.
ერთის მხრივ, ვამბობთ, რომ ჰაერი არ გვაქვს და მეორეს მხრივ ვამბობთ, რომ განაშენიანებას გვიზღუდავენ, კი ვზღუდავთ, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მართლა არ გვექნება ჰაერი“,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
რაც შეეხება კერძო მესაკუთრეებს, მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ მათთან შეთანხმება თბილისი მერიას მოუწევს.